თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 21 წლის ახალგაზრდა ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყაჩაღობის ფაქტი გორში გუშინ მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბოროტმოქმედი სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა, იარაღის მუქარით თანხა და მობილური ტელეფონი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკისას მობილური ტელეფონი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით") და ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.