თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ფარგლებში ავსტრიის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.
პირველები ტალინის „საჩოგბურთო ცენტრის“ კორტებზე გამოვიდნენ სოფია შაფათავა (343) და იულია გრაბერი (244). წინა დღეებისგან განსხვავებით ქართველმა სპორტსმენმა ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენა და სამ სეტში დამსახურებლად მოიგო — 6:3, 4:6, 6:4.
მეორე მატჩში ქართული გუნდის ლიდერმა ეკატერინე გორგოძემ (326) დაძაბულ ბრძოლაში ბარბარა ჰაას (177) დაუთმო — 6:7, 6:2, 3:6.
არამხოლოდ ამ კონკრეტული მატჩის, არამედ მომდევნო სეზონში ნაკრებთა ადგილმდებარების ბედი წყდებოდა წყვილების შეხვედრაში, რომელშიც კალაშნიკოვა/შაფათავას დუეტი გრაბერ/ჰაასის ტანდემს უპირისპირდებოდა.
პირველ სეტში ქართველმა გოგონებმა ანგარიშით 6:4 მოიგეს. მეორე პარტიაში ავსტრიელებმა მობილიზება შეძლეს და ანგარიშით 6:3 მოიგეს. თუმცა, გადამწყვეტ სეტში კალაშნიკოვა-შაფათავამ მეტოქეების ჩაწოდება ორჯერ აიღეს, რამაც სეტში გამარჯვება 6:2 განაპირობა და ასევე მატჩშიც — 2:1.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში, სადაც ასპარეზობას მომდევნო სეზონში გააგრძელებს.