თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 1-5 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, ქურდობის ბრალდებით რვა პირია დაკავებული, ხოლო ერთი არასრულწლოვანი — მხილებული, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შს სამინისტრომ 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა: ბათუმში — 1, თბილისში — 2, გორში — 1, კახეთში —1, მცხეთა-მთიანეთში — 3. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულია საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების ოპერატორი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეების კუთვნილ ამანათებს ითვისებდა.
„ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს.
ასევე, ბათუმში სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებული თანხა მიითვისა.
„კახეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან, ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი იმავე ღამეს, ცხელ კვალზე დააკავეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, ყველა აღნიშნული ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.