თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის წევრებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან ატარებენ საპროტესტო აქციას და სკოლებში ფასიანი საცირკო წარმოდგენების ჩატარებას მოითხოვენ.
ცირკის მოღვაწეთა კავშირის წევრების თქმით, განათლების სამინისტრომ ფასიანი ღონისძიებების ჩატარება სკოლებში 2006 წელს აკრძალა, რის გამოც მსახიობები საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმოდგენებს ვერ მართავენ.
აქციის წევრები განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. ერთ-ერთმა მსახიობმა, გიორგი მაკარიძემ შიმშილობა დაიწყო.
„მე მსახიობი ვარ, ჯამბაზი. 26 დეკემბერს საპროტესტო აქცია საქართველოს სახალხო დამცველის შენობასთან ჩავატარე. ვშიმშილობდი იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს დაფინანსება, სკოლებში არ გვიშვებენ. ერთი უწყებიდან მეორეში გვიშვებენ. მაშინ დახმარებას შეგვპირდნენ, მაგრამ არაფერი შეასრულეს. აქედან არ წავალ, სანამ არ მოგვისმენენ. თხოვნით პრეზიდენტს მივმართეთ, პრემიერ-მინისტრს, მერს, მაგრამ არავინ გვისმენს“, — განუცხადა მაკარიძემ „Sputnik-საქართველოს“.
სხვა მსახიობის, ილია გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ლომაია განათლების მინისტრის პოსტიდან წავიდა, სკოლებში ყველა ფასიანი ღონისძიება აიკრძალა.
„ცირკი აღარ არის, ცირკი გაყიდულია. ჩენ ცირკის მსახიობები ვიყავით, მაგრამ გამოგვყარეს იქიდან. შემდეგ საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირი შევქმენით, ძირითადად თურქეთში ვმუშაობდით, მაგრამ იქაც ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა, ჩვენი წარმოდგენები აღარ სჭირდებათ. ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიშვან სკოლებში. ჩვენი წარმოდგენები ფასში ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, სოციალურად დაუცველები უფასოდ დაესწრებიან“, — განუცხადა გაბუნიამ „Sputnik-საქართველოს“.
ცირკის მსახიობებმა აღნიშნეს, რომ მათ მომზადებული აქვთ პროგრამა როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, ისე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის.
„მზად ვარ წაგიყვანოთ რეგიონებში, სადაც ბავშვებს ჯამბაზი და ილუზიონისტი არ უნახავთ. მათ დაფაზე უხატავენ და უხსნიან, რომ ეს ჯამბაზია და ეს ილუზიონისტია. ყველას ხომ არ შეუძლია თბილისში ჩამოსვლა და შოუს ნახვა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენი ბილეთები მაქსიმუმ 5 ლარი ღირს, 35-ის ნაცვლად“, — აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირი 2014 წლის დეკემბერში შეიქმნა. ქართული ცირკის მსახიობები უმუშევრები მას შემდეგ დარჩნენ, რაც თბილისის ცირკი კერძო მფლობელობაში გადავიდა.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხშირად წერენ ბავშვებისა და მოზარდების სისასტიკეზე. იმაზე, რომ ისინი ატყავებენ ძაღლებსა და კატებს, აწამებენ ცხოველებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი ბავშვობიდან ჩვენს წარმოდგენებს შეხედავენ, ნახავენ ჩვენს ცხოველებს, მათში აღარ იქნება სისასტიკე, ისინი ცხოველებს მხოლოდ მოეფერებიან“, — დარწმუნებულია გაბუნია.
საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გოჩა ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ცდილობს აღადგინოს ცირკის მსახიობთა დასი, დააბრუნოს ყველა გაფანთული მსახიობი, აღადგინოს საქმე, რომელიც 60-ზე მეტ წელს ითვლის.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საცირკო წარმოდგენის ბილეთების რეალიზაცია უწყების ჩარჩოებს სცილდება. სამინისტროში აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციის მიზეზი მათთვის უცნობია, რადგან საცირკო წარმოდგენა საგანმანათლებლო პროცესის ნაწილს არ წარმოადგენს.
თბილისის ცირკის შენობა დღეისათვის კერძო საკუთრებას წარმოადგენს. გასულ წელს შენობა გასაყიდად იყო გამოტანილი, და მისი ახლანდელი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 1939 წელს აშენებული შენობა ოთხსართულიანია, მისი ფართობი 4 750 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
სოცილაურ ქსელში ცირკის ოფიციალურ ვებგვერდზე ბოლო საცირკო წარმოდგენა 20 იანვრით იყო დაანონსებული, მასში ძირითადად ჩამოსული საცირკო დასები მონაწილეობდნენ. ამით თბილისის ცირკმა სეზონი დახურა, სად და როდის გაიხსნება ახალი სეზონი, ჯერჯერობით უცნობია.