თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია ახლო მომავალში გადაწყვეტს რიყის პარკში მუსიკისა და დრამის თეატრის დაუმთავრებელი შენობის ბედს, რომელსაც ფორმის გამო ხშირად „ტრუბებს“ ეძახიან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თეატრის მშენებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2011 წელს დაიწყო. 2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პროექტის დაფინანსება, რომელზეც 75 ათასი მლნ ლარი უკვე იყო დახარჯული, შეჩერდა. 2013 წლიდან შენობა მიტოვებულია, ხოლო 2016 წელს მერიამ შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა.
„ჩვენ არ გვინდა, რომ შენობა ისეთ მდგომარეობაში დარჩეს, როგორშიც დღესაა. შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა, ჩვენ ფუნქცია უნდა შევურჩიოთ. ახლო მომავალში ჩვენ გაცნობებთ, თუ რა მიმართულება იქნება. ეს შეიძლება იყოს თეატრი ან ხელოვნების თანამედროვე ცენტრი“, — აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, მერმა განაცხადა, რომ შენობის პროფილი არ შეიცვლება.
მუსიკისა და დრამის თეატრი 500 მაყურებელზეა გათვლილი, მშენებლობის დასრულდება 2012 წელს იგეგმებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შენობის დემონტაჟზე დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ მას თეატრის დიზაინი არ მოსწონს.
მოგვიანებით, მშენებლობის დაფინანსების შეჩერების მოტივი ექსპერტების ჩართვისა და შენობის უსაფრთხოების საკითხის შესწავლის გადაწყვეტილება გახდა. თუმცა, ამ დრომდე არაფერია ცნობილი არც ექსპერტების დასკვნის და არც კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ.