თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ჩარლზ ბერნშტეინი ესტუმრება თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც 14-დან 19 მაისამდე გაგრძელდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
წელს ფესტივალის სტუმრები გახდებიან პროზაიკოსები, ესეისტები, მთარგმნელები, პოეტები და ლიტერატორები საქართველოდან, აშშ-დან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
მონაწილეებს შორის იქნებიან — უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი ჰალინა კრუკი, ბელარუსი პოეტი და მთარგმნელი ანდრეი ხადანოვიჩი, ავსტრიელი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი ჰელმუტ ნიდერლე, პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი ბარბარა პოგაჩნიკი სლოვენიიდან, ესპანელი პოეტი და აუდიოვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი იოლანდა კასტანიო და სხვები.
ჩარლზ ბერნშტაინი — „პოეზიის ენის“ მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ნიუ-იორკის მკვიდრი, ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჰარვარდის კოლეჯში და მაგისტრის ხარისხი — პენსილვანიის უნივერსიტეტში.
ასწავლიდა ლიტერატურას და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ბრაუნის უნივერსიტეტში, პრინსტონის უნივერსიტეტში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან-დიეგო) და სხვ. 2003 წლიდან დღემდე — პენსილვანიის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორია.
ავტორის პირველი წიგნი სახელწოდებით „თავშესაფრები“(Asylums) 1975 წელს გამოვიდა. ამჟამად ბერნშტეინი 20 პოეტური კრებულის და ესეს რამდენიმე კრებულის ავტორია. ბერნშტეინი ასევე ოპერებისდა და მიუზიკლებისთვის რამდენიმე ლიბრეტოს ავტორია.
მწერალი რამდენიმე პრემიის ავტორია — ხელოვნების ეროვნული ფონდის პრემია (1980), როი ჰარვი პირსის პრემია „ახალი პოეზიის არქივი“ (1999), ხელოვნების ნიუ-იორკის ფონდის (1990, 1995) და გუგენჰაიმის ფონდის (1985) სტიპენდიატი, მეცნიერებისა და ხელოვნების ამერიკული აკადემიის წევრი (2006).
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე დაგეგმილია შეხვედრები მწერლებთან და პოეტებთან, ლექციები სტუდენტებისთის, სხვადასხვა თემატური დისკუსია და პოეზიის საღამოები, სადაც უცხოელი ავტორების ლექსებს მაყურებელი მათი საკუთარი შესრულებით და ქართულ ენაზე თარგმნილს მოისმენს.
ფესტივალის დეტალური პროგრამა უახლოეს მომავალში მწერალთა სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი საქართველოში 2015 წელს მწერალთა სახლის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა.
სხვადასხვა წლებში ფესტივალის მონაწილეები იყვნენ ისეთი გამოჩენილი ლიტერატორები, როგორებიცაა 2003 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი, ავსტრალიელი მწერალი პიტერ უორენ ფინლეი (Peter Warren Finlay), რომელსაც უფრო დი ბი სი პიერის სახელით იცნობენ (DBC Pierre), მწერალი, სცენარისტი და დრამატურგი ისრაელიდან ეტკარ ქერეტი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, ბრიტანელი ლუკ კენარდი (Luke Kennard), ნიდერლანდელი პოეტესა ესთერ ნაომი (Ester Naomi Perquin), რუსი და ამერიკელი ალექსანდრ გალპერი, უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი იური ანდრუხოვიჩი და სხვები.