მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ეკოლოგიის სამსახურთან შეთანხმება სავალდებულო ხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობები თბილისში
მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სამშენებლო კომპანიები ვალდებულები იქნებიან სამშენებლო ობიექტის პროექტთან ერთად, რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტიც წარადგინონ, ნათქვამია დედაქალაქის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან ერთად, თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა დაასახელა.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე ისაუბრა.

სავალდებულო ხდება, ასევე,  მშენებლობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უზრუნველყოს დენდროლოგიური პროექტის მომზადება და მერიასთან შეთანხმება, ხოლო აღნიშნული პროექტის საფუძველზე  მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.

„ეს ეხება არამარტო კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის  გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება“, — თქვა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: დათმობა არ იქნება, როცა საქმე პატარებს და მშენებლობას ეხება

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.

„თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე  საცხოვრებელი ფართის აშენება, რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

ცვლილების თანახმად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველივე ეტაპიდან ერთვებიან პროცესში.

შესაბამისი ცვლილება კანონქვემდებარე აქტებში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0