თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვარში მდებარე 33-ე ბაგა-ბაღი დათვალიერა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
33-ე ბაგა-ბაღი გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა, თუმცა შენობის კედლებზე უკვე ბზარებია გაჩენილი და ჭერიც დაზიანებულია.
კალაძემ კომპანია, რომელმაც საბავშვო ბაღი ააშენა, შეხვედრაზე დაიბარა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გიკო“ ამ ეტაპზე კიდევ ორ ახალ ბაღს აშენებს, თუმცა კალაძის დავალებით მათ მიერ დაწყებული მშენებლობები შეჩერდება და დაიწყება მკაცრი კონტროლი, რათა სხვა ბაღებშიც იგივე შედეგი არ დადგეს.
მერის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა მშენებლობების ხარისხს. მისივე განცხადებით, არანაირი დათმობა არ იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე პატარებსა და მშენებლობას ეხება.
„მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მესმის, რომ თავიდან შეიძლება პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ საბავშვი ბაღის. გზებთან დაკავშირებით გვექნება ანალოგიური მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, მშენებლობებთან და აშ.“, — განაცხადა კახა კალაძემ.
შენობას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ექსპერტიზა და გადაწყდება, უნდა გაგრძელდეს თუ არა შენობაში სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის ჩატარებამდე.