ჩვენი ქვეყნის საყრდენი ყოველთვის იყო მთა. სწორედ მთიდან მოდის ის ულამაზესი ტრადიციები, რომლებიც ჩვენი წინაპრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და საამაყო იყო. როცა საქმე ტრადიციებს ეხება, საზოგადოების აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ეს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული ტრადიციების გადმონაშთია, მეორენი კი თბილი ღიმილით დასძენენ, რომ ეს ყოველივე „ბალღობის“ სუნით გაჟღენთილი, ლამაზი და კეთილი რიტუალია.
დღეს სახლთანგელოზობაა, დღესასწაული რომელსაც ახმეტის და თელავის რაონებში აღნიშნავდნენ. თელავსა და ახმეტაში ბევრი სოფელია, სადაც ფშაველები სახლობენ და მათი თქმით სახლთანგელოზობა სწორედ ძველი, ფშაური ტრადიციაა, რომელსაც „ბავშვობის ელფერი“ დაჰკრავს და ლოცვისთვის განაწყობს ადამიანს.
სახლთანგელოზობა ხორციელის კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. ეს არის დღე, რომელსაც თავისი ურღვევი ტრადიციები აქვს: საგანგებოდ ამ დღისთვის, გამთენიისას ჩვენი წინაპრები საუკეთესო დედალს დაკლავდნენ და მრგვლად ხარშავდნენ. ოჯახის დიასახლისი ნახარშს საჩიხირთმედ ინახავდა. დედალს შებინდებულზე, სახლში შემოსასვლელ ღია კართან დადგამდა, ხელადით ღვინოს დაუდგამდა, ირგვლივ ბატიბუტს შემოუყრიდა, საგანგებოდ გამომცხვარ ქადაზე სანთელს აანთებდა და ოჯახის უფროსს აგზავნიდა სახლის ანგელოზის მოსაპატიჟებლად.
ოჯახის უფროსიც ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ანგელოზი სახლში პატივით შემოეპატიჟებინა და მისთვის საგანგებოდ განკუთვნილი ადგილი მიეჩინა.
„ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო
კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…
ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში!
ამინ!“
ამასობაში დიასახლისები სუფრას აწყობდნენ, ოჯახში უსაქმოდ არავინ რჩებოდა — სახლის ანგელოზის შინ შეპატიჟება არ არის მარტივი საქმე, ამიტომ ყველა მონდომებით ცდილობდა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა, იმ დღეს ოჯახში ჩხუბი და კამათი აკრძალული იყო.
ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ თუ ანგელოზი ოჯახში შებრძანდებოდა, ოჯახს მთელი წელი ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა არ მოაკლდებოდა, ავი ანგელოზი კერიას ვერაფერს დააკლებდა.
„იწვოდა სანთელი, ილოცებოდა პაპაჩემი და მე ნამდვილად ვხედავდი პატარ–პატარა ფრთიან გოგო–ბიჭებს და მათ ლანდებს კედელზე. მერე ლამაზად (ქართულად) აქნიდა იმ დედალს, დაგვსვამდა სუფრასთან, დაგვიდებდა თეფშზე საუკეთესო ნაჭრებს, ცოტ–ცოტა ნიორთავას, პატარა ჭიქებით საფერავს და გვალოცვინებდა ფუძე–ჭერის ანგელოზებს. იმ დედალზე და მეორე დილას მისი წვენიდან გაკეთებულ ჩიხირთმაზე გემრიელი არც არაფერი მგონია და ქადა–სანთელი და ჭიქა საფერავი ხომ მთლად სულ–გულის წამლად გვერგებოდა“, — იხსენებს ბავშვობისდროინდელ ტრადიციას პოეტი მარიამ ხუცურაული.
მეორე დღეს, ოჯახში ტრადიციულად უნდა გაკეთებულიყო ჩიხირთმა, ან ბოზბაში. კახელებს ჩიხირთმის საკმაოდ მრავალფეროვანი და მარავალგემოვანი არჩევანი აქვთ — დედლის ჩიხირთმა, ვარიის ჩიხირთმა, ხბოს ხორცის ჩიხირთმა, ჩიხირთმა ფქვილიანი და უფქვილო, ქათმის ცხიმზე და სულაც ტყუილი ჩიხირთმაც კი…
სახლთანგელოზობის დღე კახეთში დღესაც ახსოვთ, თუმცა ძალიან ცოტა ოჯახს თუ შეხვდებით, სადაც ამ დღეს აღნიშნავენ და მამა-პაპის ნალოლიავებ რიტუალს რუდუნებით ასრულებენ…