თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტით 8 თებერვალს გაემგზავრება, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც მარგველაშვილისა და საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსის პირისპირ საუბარი შედგება.
პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად — გაფართოებული ფორმატით.
მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის. ასევე გაიმართება შეხვედრა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.
მარგველაშვილი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთში 9 თებერვალს დასრულდება.
საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.