თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი და საბერძნეთის მიგრაციული პოლიტიკის მინისტრი იოანეს მუზალესი საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კოორდინირებული მუშაობის შესახებ შეთანხმდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა.
"შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებში", — აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს.
"მხარეები ასევე დაიწყებენ მუშაობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ე.წ. მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისთვის გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები. მხარეების მიერ პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანები", — აღნიშნულია განცხადებაში.
დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით საქართველოს საელჩო გეგმავს თანამშრომლობას საბერძნეთში მოღვაწე ქართველ იურისტებთან, რომელთაც საბერძნეთის კანონმდებლობასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. ხოლო ბერძნული მხარე, თავის მხრივ, სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ შესაბამის პირს გამოყოფს.