თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2017 წელს სამსახურებრივი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 44 პოლიციელი მისცეს, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 12 ადამიანით ნაკლებია. ამაზე მეტყველებს ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემები.
გასულ წელს პროკურატურამ დაიწყო 724 საქმის გამოძიება, რომელთა უმრავლესობა სამსახურებრივი მოვალეობების გადაჭარბებასა და ბოროტად გამოყენებას ეხება. შედარებისთვის, 2016 წელს გამოძიება 784 საქმეზე დაიწყეს.
პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეებიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 185 ადამიანი, აქედან 44 პოლიციელია, ექვსი — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელი, ხოლო ოთხი — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელის აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი.
ანგარიშის თანახმად, პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან 33% უმაღლესი და საშუალო რგოლის ჩინოვნიკები არიან. 2016 წელს ასეთი 51% იყო.
„2017 წელს, ისევე, როგორც 2016 წელს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ჩინოვნიკთა უმეტეს ნაწილს შეადგენენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, უმეტეს შემთხვევაში, 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის დაიწყო", — ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე მოყვანილია მონაცემები წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ამოღებული ქონების შესახებ. 2017 წელს გამოვლინდა ასეთი 20 ფაქტი, ამხილეს სამი ჩინოვნიკი. სულ წლის განმავლობაში დაზარალებულად ცნეს 49 ადამიანი, რომელთაც ჯამში 22,1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნეს.