ბათუმი მსურველებს ღამის გარბენში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

გამოწერა
ბათუმში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზების მიზნით ბავშვებისა და უფროსებისთვის მარათონი მოეწყობა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ბათუმში 2018 წლის 21 აპრილს პირველად გაიმართება მასშტაბური ღამის ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race.

დაგეგმილია მარათონის რამდენიმე სახეობა: ნახევარმარათონი — 21,1 კმ და მხიარული გარბენი (დაახლოებით 10 კმ). გარბენის დროა 18:00-23:00. ნახევარმარათონის გამარჯვებული სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდება.

კიდევ ორი მარათონი ბავშვებისთვის გაიმართება: — 6-9 წლის (500 მეტრი), 10-13 წლის (1 კმ) ასაკისთვის. ბავშვებისთვის მარათონში მონაწილეობა უფასოა, ხოლო უფროსები 20 ლარიდან ზევით თანხას გადაიხდიან.

ღონისძიება მიზნად ისახავს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას, ასევე ბათუმის მომხიბვლელ ქალაქად გადაქცევას მთელი მსოფლიოს მარათონელებისთვის.

თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
თბილისში საქველმოქმედო საშობაო მარათონი გაიმართება

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ამ ღონისძიებით სურთ პლატფორმის შექმნა ახალგაზრდა ქართველი მორბენლებისთვის, რათა მათ შეძლონ ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომა და თავის მოსინჯვა უცხოელ გამოცდილ მარათონელებთან შეჯიბრში.

„ჩვენი მიზანია ბათუმი ვაქციოთ მნიშვნელოვან სივრცედ პროფესიონალი ან მოყვარული მორბელებისთვის მთელი მსოფლიოდან“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

რეგისტრაცია The Great Batumi Night Race-ზე მიმდინარეობს ონლაინ.

ის, ვინც 11 მარტამდე დარეგისტრირდება, მიიღებს პერსონალურ ნომერს სახელით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 აპრილი.

ღონისძიების ორგანიზატორია სასტუმრო Colosseum Marina. მხარდამჭერები არიან Tbilisimarathon და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ორგანიზატორები მარათონის ყოველწლიურად ჩატარებას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0