თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ყოველდღიურად ელექტრონული ბარათების საშუალებით აღრიცხავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ტურნიკეტებით მოხდება როგორც ბავშვების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების ყოველდღიური რეგისტრაცია.
„ეს არის ამ სისტემის რეალურად მოწესრიგება, რომელიც გულისხმობს, რომ გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, კერძოდ საბარათე სისტემაზე. მოხდება ელექტრონულად როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების აღრიცხვა", — განაცხადა გვანცელაძემ.
ამ ეტაპზე აღსაზრდელების ყოველდღიური რეგისტრაცია აღმზრდელ-პედაგოგების მიერ ხდება, რომლებიც ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციას გადასცემენ.
„ეს გარკვეულ დროს ართმევს მათ. მომავალში კი რეგისტრაცია ავტომატურად განხორციელდება", — განაცხადა გვანცელაძემ.
ტურნიკეტებისთვის მშობლებს დაურიგდებათ ბარათები, რომლითაც ბავშვების ბაღში მიყვანისას ისარგებლებენ.
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.