თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო პირველი პლენარული სხდომის ჩატარება 7 თებერვალს არის მოსალოდნელი.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში იხილავს.
სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ასევე განიხილავენ პირველი მოსმენით „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
უახლოეს პერიოდში ასევე დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღება იგეგმება.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის თებერვლის პირველ სამშაბათს გახსნა რეგლამენტით არის გათვალისწინებული.