კვირიკაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრება

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის ცენტრში
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხდომაზე განიხილავენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თემასა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, 5 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოს ბიომეტრიული პასრპორტი - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური და ანგარიშით წარდგებიან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თემა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

პრემიერი ასევე ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში — სესილია მალმსტრომს შეხვდება.

ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით.

თბილისი ზამთრის საღამოს - Sputnik საქართველო
საქართველოში მიმდინარე ტენდერების შესახებ ევროკავშირში შეიტყობენ

2009 წელს საქართველო პროგრამა „აღმოსავლეთი პარტნიორობის" მონაწილე გახდა, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკურ ასოცირებასა და  ეკონომიკურ სიახლოვეს ითვალისწინებს.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

2017 წლის 28 მარტს ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზები გააუქმა.


ყველა ახალი ამბავი
0