თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა და 32 წლის მამაკაცს, რომელსაც ტრანსგენდერი მირანდა ფაღავას ცემა ედება ბრალად, გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
28 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავად ფაღავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. დაშავებულის თქმით, ინციდენტი გამთენიისას ვაკის პარკთან ახლოს მოხდა. როდესაც ტრანსგენდერი ქალი ტაქსიდან გადმოვიდა, ის გაჩერებულ მანქანაში მჯდომმა უცნობმა მამაკაცმა შენიშნა.
მამაკაცმა მასთან საუბრის დაწყება სცადა, თუმცა ფაღავა მის შეკითხვებს არ პასუხობდა და მაღაზიაში ფულის დასახურდავებლად შევიდა, რათა ტაქსის მძღოლისთვის მგზავრობის საფასური გადაეხადა. მამაკაცი მას მაღაზიაში შეჰყვა და მისი ბიოლოგიური სქესის შესახებ შეკითხვების დასმა დაიწყო. ის მოითხოვდა, რომ ფაღავა მას გაჰყოლოდა. უარმა მამაკაცი გააბრაზა და ის ტრანსგენდერს თავს დაესხა.
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას და ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.