„ქურდული გარჩევა“, გამოძალვა, ყაჩაღობა – საქართველოში ექვსი ადამიანი დააკავეს

გამოწერა
დაკავებულებმა დაარღვიეს კანონი, ამასთან აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

დაკავების ოპერაცია თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ჩატარდა. მეზვრიშვილის თქმით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ექვსი წევრიდან სამი თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდებს“ დაუკავშირდნენ, მათთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყვეს და დიდძალი თანხა გამოსძალეს.

ამასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად მათ „ქურდული გარჩევა“ მოუწყვეს საკუთარ ნაცნობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, თანხა მიითვისეს და ასევე ცდილობდნენ ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას.

გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს და ის ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ქართველი „კანონიერი ქურდი“ ყახაზეთიდან გამოაძევეს

დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი გლუვლულიანი თოფი, ე.წ. „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი თოფი, „კარაბინის“ ტიპის თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა. პოლიციელებმა ასევე ამოიღეს მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან — „კაკო ტბილისკისთან“, ლავასოღლისთან, „ტოტორინოსთან“, „ენცოსთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

დაკავებულებიდან 3 პირს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს — ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენ ორ წევრს — წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0