ახალი ავტომობილების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, შს მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, კორპორაცია Mitsubish-ის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.
შსს-ს ინფორმაციით, უწყება გარემოსთან თავსებადი ავტომობილებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს.
2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას არასაპროექტო საგრანტო დახმარება გადასცა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.
„შსს-ში საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, გეგმა ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმასა და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას“ — განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ელექტრომობილები საქართველოს მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა მისი თხოვნით, მთავრობის წევრებმა ავტომობილები შსს-ს გადასცეს.