თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიცია ჰიბრიდული ელექტრომობილებით უახლოეს მომავალში ისარგებლებს, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
კანონმდებლებმა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა 21 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე უნდა გამოუცხადონ. მანამდე მთავრობის წევრები სამომავლო გეგმებს დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენებზე აცნობენ.
მინისტრთა კაბინეტში სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 2017 წლის ნოემბერში განახორციელა. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ინიციატივა და კანონპროექტების პაკეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში 16 სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად, იქნება 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი.
ახლადდანიშნული შს მინისტრის განმარტებით, ელექტრომობილები საპატრულო პოლიციას საქართველოს მთავრობის წევრებმა გადასცეს.
„რამდენიმე თვის წინ არსებობდა იაპონიის მთავრობის გრანტი, რომელზეც შევთანხმდით და საქართველოში ერთი კვირის წინ შემოვიდა დაახლოებით 100 ჰიბრიდული ელექტრომობილი. ჩვენი თხოვნით, ეს სატრანსპორტო საშუალება მთავრობის წევრებმა პატრულს დაუთმეს", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკომიტეტო მოსმენაზე დააანონსა ცვლილებები უწყების სხვადასხვა სტრუქტურაში, რომლის მიზანია ქვეყანაში უსაფრთხოების დონისა და მოსახლეობის მხრიდან ნდობის გაზრდა.
დღეს, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრები დეპუტატების კითხვებს დილიდან პასუხობენ.