მინისტრები შავი ჯიპების გარეშე - პრემიერის ინიციატივა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმანქანები თბილისის ქუჩებში
მანქანები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლების მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა დატოვონ წარსულში შავი ჯიპების ეპოქა და სხვა ფერის მანქანები შეარჩიაონ, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის დრო მოვიდა. პროცესი პირველ რიგში მინისტრების დონეზე უნდა დაიწყოს, შემდეგ კი გავრცელდება მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მათ შორის ძალოვან უწყებებზე. 

„არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საპატრულო პოლიციის ჰიბრიდული ავტომობილები - Sputnik საქართველო
შსს-ს თანამშრომლებს ახალი თაობის ავტომობილები გადაეცათ

გამონაკლისი იქნება უცხოური დელეგაციები, თუ ამას ეთიკეტი მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოლიციის ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაიწყო. იაპონიის მთავრობამ შსს-ს Mitsubishi-ის მარკის 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომობილი გადასცა. ეს ავტომობილები საქართველოს მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა მთავრობის წევრებმა ავტომობილები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადასცეს. 

აქედან 45 ჰიბრიდულ ავტომობილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მიიღებს, ხოლო 51 ელექტრომობილს სხვადასხვა დეპარტამენს გადასცემენ. შსს-ს ინფორმაციით, ეს არის ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი.

გათვლების მიხედვით, ამ მანქანების წყალობით საწვავზე, ძრავის ზეთსა და მომსახურებაზე წელიწადში 500 000 ლარამდე დაიზოგება.


ყველა ახალი ამბავი
0