აბაშიძე კარასინთან მწვავე თემების განხილვას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ირგვლივ ბოლოდროინდელი მოვლენები შეშფოთებას იწვევს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მწვავე საკითხების განხილვას აპირებს.

ერთ-ერთი საკითხია რუსეთის შეთანხმება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონთან დე-ფაქტო შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ. გასულ კვირაში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

„(განვიხილავთ) რატიფიცირებას რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის შესახებ. ახლა გავიგეთ ინფორმაცია, რომ ე.წ. საბაჟო პუნქტი იქმნება ცხინვალის რეგიონში. არის თემები, რაც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს", — განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე კარასინის განცხადებამ 2011 წლის შეთანხმებაზე გააკვირვა

უფრო ადრე კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებამ "ნათელი მოჰფინა" საკითხს იმის თაობაზე, თუ სად გადის ქართული მხარის საბაჟო საზღვრები.

ეს კატეგორიულად უარყო აბაშიძემ. მისი თქმით, 2011 წელს რუსეთთან მიღწეული შეთანხმება გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სავაჭრო დერეფნების და არა საბაჟო საზღვრების შექმნას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან.

საბაჟო საზღვრებში კარასინმა იგულისხმა "ყაზბეგის რაიონი რუსეთის საზღვართან, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება) და გორის მიდამოები".

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. არჩევანი შეჩერდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე, რომელთანაც შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველომ კონტრაქტი გააფორმა. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა, თუმცა კონტრაქტის ხელმოწერას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ტარდება. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0