ტყვეობაში მყოფი რვა შვილი - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოწერა
ბავშვების მამა მიიჩნევს, რომ საზოგადოება მის შვილებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ლენტეხის რაიონის სოფელ რცხმელურში მამას წლებია რვა შვილი გამოკეტილი ჰყავს, როდესაც ამის შესახებ შსს-მ შეიტყო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, განაცხადა ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

შაბათს ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ამირან დევნოზაშვილს წლებია სახლში გამოკეტილი ჰყავს საკუთარი სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. უფროსი ქალიშვილი 21 წლისაა, უმცროსი ვაჟი — შვიდი წლისაა. მათ არასდროს უვლიათ საბავშვო ბაღში და სკოლაში, რადგან, მათი მამის აზრით, ის მათ საზოგადოების მავნე ზეგავლენისგან იცავდა. მხოლოდ ორი შვილი პერიოდულად გამოჰყავს დევნოზაშვილს სახლიდან — მათ დიაბეტი აქვთ და ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

„ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ — დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის სწორი გამოსავალი, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია, სენსიტიურია, არასრულწლოვნები არიან ჩართულები ამ პროცესებში და მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სვანეთი - Sputnik საქართველო
მძევლად სვანეთში: მამას 8 შვილი წლებია სახლში ჰყავს გამომწყვდეული

მეზვრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გამოძიებას არასამთავრობო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობაში აპირებს. თუმცა შსს-ში ზუსტად არ იციან, ახლაც იმყოფებიან თუ არა ბავშვები ტყვეობაში.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვები 2010 წლიდან არიან გამოკეტილები და სკოლაში მშობლების რელიგიური შეხედულებების გამო არ დადიან. მშობლებს არაერთხელ შეხვდნენ სოციალური აგენტები და სთხოვდნენ მათ გაეშვათ ბავშვები სკოლაში, მაგრამ უშედეგოდ.

„2010 წლიდან დღემდე ხორციელდება ოჯახთან ყოველთვიური ვიზიტი და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია. ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურს–ცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ოჯახში ვიზიტები განახორციელეს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად მშობლები არ იცვლიან აზრს ბავშვების განათლების მიღებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, 2011 წელს სასამართლომ შეუზღუდათ მშობლებს წარმომადგელობითი უფლებამოსილება, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, ბავშვები მშობლებთან დარჩნენ, რადგან მშობლების მხრიდან მათზე ფიზიკური ძალადობა არ ფიქსირდებოდა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან.

ბავშვების დედას უმაღლესი პედაგოგიური განათლება აქვს და ის თავად არის დაკავებული მათი განათლებით. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი გააჩნია და ის სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს.


ყველა ახალი ამბავი
0