თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისში ბოტულიზმის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტები მკურნალობას თბილისში, რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში გადიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ექიმების თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინიც მკურნალობას ჯერ რეანიმაციის განყოფილებაში გადიან.
სამივე პაციენტი ერთ სუფრასთან იჯდა და, სავარაუდოდ, სახლში დამზადებული დანდურის კონსერვით მოიწამლა.
„სახეზეა ბოტულიზმის სრული კლინიკური სურათი. ეს არის თვალის მამოძრავებელი ნერვის, სასის და სასუნთქი კუნთების დამბლა“, — განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგემ ანა ლაღიძემ.
სამივე პაციენტი მამაკაცია, ისინი საავადმყოფოში გამთენიისას მიიყვანეს.
ბოტულიზმი — მძიმე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის, უპირველეს ყოვლისა, ზურგის ტვინის დაზიანება. დაავადება ვითარდება ორგანიზმში ბოტულოტოქსინის შემცველი პროდუქტების, წყლის ან აეროზოლების მოხვედრის შემთხვევაში.