პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ათი წლიდან დადის სინქრონულ ცურვაზე, რომელიც ბევრად რთულია, ვიდრე უბრალოდ ცურვა. თუმცა, როგორც გაირკვა, მაგდა ამან არ შეაშინა და იმ დატვირთული რეჟიმით, რასაც ეს სახეობა ითხოვს სპორტსმენისგან, ყოველდღე ცხოვრობს.
– მაგდა, რატომ შეარჩიე სპორტის ეს სახეობა, რომელიც საქართველოში არც ისე პოპულარულია?
— ადრე, საბჭოთა კავშირის დროს ამ სახეობაში ძლიერი სპორტსმენები იყვნენ, მაგრამ როცა კავშირი დაიშალა, ყველა წარმატებული სპორტსმენი უცხოეთში წავიდა და იქ დაიწყო მუშაობა. ისინი დღემდე საუკეთესო მწვრთნელებად ითვლებიან. საბჭოთა კავშირის მერე სინქრონული ცურვა საქართველოში აღარ იყო. ის 2013 წლიდან აღდგა. ჩემი ცურვაზე შეყვანა მშობლებმა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ხერხემალზე პრობლემები მქონდა. მაშინ 10 წლის ვიყავი. თავიდან ჩვეულებრივ ცურვაზე გვინდოდა, მაგრამ როდესაც სინქრონული ცურვის შესახებ გავიგეთ, აქ დავიწყე სიარული. ამ სახეობის სირთულეს თავიდან პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი. ერთი საათი დარბაზში ვვარჯიშობდით და ერთი საათი აუზში ვცურავდით. როცა გავიზარდე, სინქრონულ ცურვას შევეჩვიე. ვხვდებოდი, რომ ძნელი იყო, მაგრამ იმდენად შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, რომ მის გარეშე აღარ შემეძლო.
– დღემდე ბევრ სპორტულ შეჯიბრში მიიღე მონაწილეობა, სულ რამდენი ჯილდო და მედალი გაქვს?
— ჯერჯერობით 19 მედალი და ბევრი დიპლომი მაქვს. პირველი მედალი როდის ავიღე, ნამდვილად არ მახსოვს. ამდენი წლის პაუზის შემდეგ 2013 წელს თურქეთში შეჯიბრზე საქართველოდან პირველად გავედით მე და ერთი გოგონა და მეორე ადგილი ავიღეთ. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათგან გამოვარჩევდი სლოვაკეთს, შვეიცარიას, პორტუგალიას, საბერძნეთს. ვიყავი შეჯიბრზე, სადაც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები მონაწილეობდნენ. ამ ზაფხულს წარმატებულად გამოვედით ანტალიაში და იქიდან ორი მეორე ადგილი ჩამოვიტანეთ — ერთი სოლო პროგრამაში და ერთი – დუეტში. ყველაზე მასშტაბური და ძნელი მაინც პორტუგალიაში გამოსვლა იყო.
– ალბათ აუზში როგორც თევზი წყალში ისე გრძნობ თავს?
— კი, ნამდვილად ასეა, სწორედ ახლა მოვედი აუზიდან. ცურვამ ძალიან იცის ჩათრევა და წყლის გარეშე უკვე ერთი დღეც ვეღარ ვძლებ. ზღვაზე სინქრონულად ცურვა არ გამოდის, იმიტომ რომ იქ ტალღებია, ამისთვის აუზია აუცილებელი. უნდა ხედავდე, რას აკეთებ. ეს სახეობა კატეგორიებადაა დაყოფილი: არის ჯგუფური, რომელიც რვა კაცისგან შედგება, არის დუეტი და კიდევ სოლო, რომელსაც, ბუნებრივია, ერთი კაცი ასრულებს. ადრე ჯგუფურში რვანი ვიყავი, მერე ბავშვები გავიდნენ. ახლა დუეტში ლენკა ზაქარიაძესთან ერთად ვარ და აგრეთვე სოლოშიც გამოვდივარ. სოლოში, მართალია, წინასწარ დადგმულია ყველაფერი, მაგრამ რაიმე რომ შეგეშალოს, შეცდომის გამოსწორება იმპროვიზაციით შეგიძლია. ხოლო დუეტში პარტნიორზე ხარ დამოკიდებული, ამიტომ აქ ბევრად საინტერესო და რთულია.
– სინქრონული ცურვა მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს და წყლის ქვეშ მუსიკის მოსმენის პრობლემა არ არის?
— დიახ, ასეა. კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში წყალქვეშა დინამიკები ვარჯიშზე ყოველდღიურად გვქონდეს, მაგრამ არ გვაქვს, ამიტომ ძალიან გვიჭირს. ვარჯიშის დროს პროგრამას კაკუნზე და თვლაზე ვასრულებთ. მართალია, მუსიკა დინამიკაში ზემოდან გვესმის, მაგრამ სულ სხვა არის, როცა ის წყლის ქვეშაც ისმის. შეჯიბრზე კაკუნით გამოსვლა არ შეიძლება. ფაქტობრივად, მოსამზადებლად შეჯიბრის წინ მხოლოდ ერთი დღე გვაქვს. იმ ერთ დღეს უნდა შევეჩვიოთ მუსიკას ისე, რომ ყველაფერი კარგად შევასრულოთ.
– თანაც დიდ მანძილზე ფრენის შემდეგ შეჯიბრზე გამოსვლა და ცურვაც გაცილებით რთულია…
— ერთხელ ფრენა გადაგვედო და თბილისის აეროპორტში ხუთი საათი მოგვიწია ყოფნა. მერე თურქეთის გავლით შვეიცარიაში მივფრინავდით და სტამბულის აეროპორტში შვიდი საათი დავყავით. როცა ადგილზე ჩავფრინდით, მაშინვე შეჯიბრზე გავედით. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დაღლილები ვიქნებოდით… თუმცა, მეორე ადგილი მაინც ავიღეთ.
– რამდენ საათს ვარჯიშობ დღეში?
— არდადეგების დროს დღეში ორჯერ — დილით და საღამოს ვვარჯიშობ. დარბაზში ერთი საათი ვრჩებით და წყალში ვარჯიში ორი საათი გვიწევს.
– რაიმე მეტსახელს არ გეძახიან მეგობრები?
— ზურგს უკან ხშირად მესმის, როგორ მომახაძებენ ხოლმე „სპარცმენკა“ ან „ჩემპიონკაო“.
– ძალიან კარგი, გისურვებ, რომ ასე კიდევ ბევრჯერ დაეძახოთ…