იცის თუ არა ტრამპმა, სად არის საქართველო: სკანდალი NDI-ს დირექტორის პოსტის გამო

CC BY-SA 2.0 / Gage Skidmore / Donald Trumpაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს მდებარეობის შესახებ არაფერი იცის

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორს საქართველოში ლორა ტორნტონს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

დეპუტატის უკმაყოფილება გამოიწვია ტორნტონის პოსტმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს“.

„მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, გაუმართლებელია, ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას“, — განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. 

დონალდ ტრამპი და სოფია ბარათაშვილი - Sputnik საქართველო
ვის უწოდებს ტრამპი „მის საქართველოს“
 

მეზურნიშვილის მოსაზრებას იზიარებს „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„ქალბატონი ლორას განცხადება არ იყო მთლად კორექტული. თუ მას სურს თავისი ქვეყნის პრეზიდენტის გაკრიტიკება, ამის საშუალებად არ უნდა გამოიყენოს ქართველი ჟურნალისტის კრიტიკა და დაცინვა, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, — განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მმართველი პარტიის პოზიცია არ გაიზიარეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ტორნტონის განცხადება საქართველოს ინტერესებს არ აზიანებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, NDI- ქართული ოფისის დირექტორმა იუმორით, მწვავედ, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა. ლორა ტორნტონის განცხადება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა. საქართველოს საგარეო ინტერესები „ქართულმა ოცნებამ“ დააზარალა, რომლის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დისკუსიის საგანი აღარ იყოს“, — აღნიშნა ოთარ კახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის აზრით, NDI-ს ქართული ოფისის დირექტორმა საკუთარი პოზიცია სიმბოლურად გამოხატა, ხოლო პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
Silk Tower-ი Trump Tower-ის ნაცვლად: რას ააშენებენ ბათუმში

„პირველი ისაა, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. და მეორე, თუ ითქვა, ეს ნიშნავს, რომ არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმასათვის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე უკეთესად ჩანდეს… ეს სიმბოლური გამოთქმა იყო და პოლიტიკოსებს ალეგორიების გაგება უნდა შეეძლოთ“, — აღნიშნა გოცირიძემ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ტორნტონის პირადმა სიმპატიებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა არ უნდა დააზიანოს.

„რბილად რომ ვთქვათ, არადიპლომატიური, არაკორექტული კომენტარია. აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ტრამპმა გადასარევად იცის, სად არის საქართველო. ის, რომ ქალბატონ ლორას არ „ევასება“ ტრამპი, ჩვენ ვიცით, მაგრამ ამან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს", — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი კრიტიკის ადრესატმაც გააკეთა. ტელეარხ „იმედთან“ ინტერვიუში ტორნტონმა განაცხადა, რომ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„მე ამერიკის მოქალაქე ვარ. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, პოზიცია, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გამოვხატა. ამისათვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებს“, — განაცხადა ტორნტონმა.

მილიარდერ დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს, საქართველოსთან საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა აკავშირებს. მომავალი პრეზიდენტი საქართველოს 2012 წელს ესტუმრა, გარდა ამისა, ის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია, რომელიც მას მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.

NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს 2010 წლიდან ატარებს.

ორგანიზაცია 1983 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ შეიქმნა „განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის წინსვლის მიზნით“. მას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდი და სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო წყაროები.


ყველა ახალი ამბავი
0