თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ამოიღეს ერთი ავტომატი, ერთი მცირეკალიბრიანი შაშხანა, შვიდი პისტოლეტი, 125 ვაზნა და სხვადასხვა იარაღის ხუთი მჭიდი, განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.
ყველა ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება“, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობამ ნებაყოფლობით ჩააბარა 17 ხელყუმბარა, ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ორი დეტონატორი, სამი პისტოლეტი, ორი გადაჭრილი თოფი და 344 საბრძოლო ვაზნა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყველა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.