თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები პირველი თებერვლიდან იზრდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქამდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარს შეადგენდა, ხოლო მენტორისთვის – 300 ლარს. პირველი თებერვლიდან კი წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, ხოლო მენტორი – 1000 ლარს მიიღებს.
მასწავლებლების ხელფასების გაზრდის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2017 წლის დეკემბერში პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატების გაზრდის მიზანია მასწავლებლების პროფესიული განათლების მოტივაციის ამაღლება.
2017 წლის იანვრიდან მასწავლებლების საშუალო ხელფასი გაიზარდა და ამჟამად მენტორი იღებს 1100 ლარს, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარს, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარს, პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარს.
2015 წელს მიღებული ახალი სასწავლო სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამე კატეგორიას — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ.
2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაცემებით, მასწავლებელთა გადანაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია: პრაქტიკოსი – 44 570, უფროსი —18 809, წამყვანი-216, მენტორი —9.