განათლების ახალი მინისტრის გეგმები: მთავარი ამოცანა - პედაგოგის პრესტიჟი

გამოწერა
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში განათლების ახალი დონეზე გადასაყვანად თავისი მდიდარი სამეცნიერო გამოცდილების გამოყენებას აპირებს

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. როგორ ხედავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი, მე-16 მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი უწყების განვითარებას და რატომ გადაწყვიტა აშშ-ის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის 20 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება — ამის შესახებ მან ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში ისაუბრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) უკვე ყოფილი პრორექტორი, რომელმაც ალექსანდრე ჯეჯელავა უწყების ხელმძღვანელის პოსტზე 13 ნოემბერს ჩაანაცვლა, ამბობს, რომ მოენატრება თსუ-ის კედლები, მაგრამ პირობას დებს, რომ ხშირად ეწვევა მას. უნივერსიტეტმა ის საპატიო ჯილდოთი გამოუშვა — თსუ-ის მედლით უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„უნივერსიტეტში მთავარი პიროვნებები არიან პროფესორები, მკვლევარი მეცნიერები და სტუდენტები და არა ადმინისტრაცია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროფესორის, მკვლევარი მეცნიერისა და პედაგოგის პრესტიჟი ამაღლდეს", — განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
საქართველოს „ოსკაროსანი" განათლების მინისტრი ეყოლება

თავისი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი სამეცნიერო საქმიანობის განმავლობაში პოლიტიკურ თანამდებობას ჩხენკელი პირველად დათანხმდა, რადგან, მისი განცხადებით, მთავრობის მიზნები მის პირად პრიორიტეტებს ემთხვევა. ახალი მინისტრი იმედოვნებს, რომ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით განათლების სისტემას ახალ დონეზე აიყვანს.

ჩხენკელი სამინისტროს გუნდში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს და აღნიშნავს, რომ მინისტრის ზოგიერთი მოადგილე თანამდებობას შეინარჩუნებს, თუმცა, იქნებიან ახალი სახეებიც. გარდა ამისა, დაგეგმილია უწყების რეორგანიზაცია, ცვლილებების გარეშე არ დარჩება ასევე თავად განათლების სისტემაც.

„მოვითხოვთ მაღალ ხარისხს, მაგრამ ყველა არსებულ მასწავლებელს დავეხმარებით იმაში, რომ მათ შეძლონ მაღალი ხარისხის მიღწევა… ინკლუზიურ განათლებას მიექცევა უაღრესად დიდი ყურადღება", — აღნიშნა ჩხენკელმა.

მკაცრად გაკონტროლდება ბულინგის (ერთი ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დევნა სხვა ბავშვის ან ბავშვების ჯგუფის მხრიდან) შემთხვევები სასწავლო დაწესებულებებში. სკოლის პროგრამა გამდიდრდება ისეთი საგნებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

„გაძლიერდება სწავლა მათემატიკაში, იმიტომ, რომ მათემატიკა — ეს გახლავთ საუკეთესო ფორმა გონების ვარჯიშისთვის", — აღნიშნა ჩხენკელმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
რას აპირებს ჯეჯელავა

ახალ მინისტრს იტაცებს სამთო-სათხილამურო სპორტი და მუსიკა. ძირითადად Miles Davis-სა და Coldrain-ს უსმენს.

„სხვათა შორის, ეს რიტმი, რაც ჯაზს ახასიათებს, საკმაოდ მეხმარება მათემატიკური კვლევის სფეროში", — აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრი განაგრძობს ტოპოლოგიის სფეროში მუშაობას, იკვლევს ოთხგანზომილებიან სივრცეს. ამბობს, რომ მათემატიკის სიყვარული ბავშვობაში გაუჩნდა, ხოლო ახალი თეორემების დამტკიცებისა და მათემატიკური აღმოჩენების პროცესმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, მათემატიკოსი გამხდარიყო.

ჩხენკელმა წარმატებით დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იყო აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის სტიპენდიანტი. ჩხენკელმა დოქტორანტურა აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტში დაამთავრა, სადაც მას მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.

შშმ პირი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად ინკლუზიური განათლების პორტალი შეიქმნა

20 წლის განმავლობაში ის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, „პროფესორის ოსკარი" – საუკეთესო სწავლებისთვის.

ამერიკულ უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას ჩხენკელი მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ამასთან ერთად ჩხენკელი არის აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და ასევე ბარი გოლდვოტერის პრესტიჟული სტუდენტური პრემიის კომიტეტის წევრი.

ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის, აშშ-ის მათემატიკური საზოგადოებისა და მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. ის კითხულობს ლექციებს აშშ-ში, აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის, მათ შორის, ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის პროფესორებთან, ასევე ბრაუნის, კორნელისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების მეცნიერებთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0