თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საქართველოში პირველად ინკლუზიური განათლებისადმი მიძღვნილი პორტალი შეიქმნა.
პორტალი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა მსურველს შესთავაზოს აუცილებელი ინფორმაცია იმ სიახლეებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც არსებობს ან მომავალში გაჩნდება ინკლუზიური განათლების სფეროში.
ახალ პორტალზე ხელმისაწვდომია — სტატიები, კვლევები, სპეციალიზებული სკოლები, სტატისტიკური მონაცემები, ინკლუზიური განათლების პროგრამები, ჟესტების ენაზე გადატანილი მოთხრობები და ლექსიკონები სმენადაქვეითებულთათვის.
სმენის პრობლემების მქონე პირებისთვის თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში შექმნილია სპეციალური ვიდეო-კლუბი, სადაც უფროსკლასელები სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ვიდეოს ჟესტების ენაზე თარგმნიან. ყველა ეს ვიდეო განთავსდება ინკლუზიური განათლების პორტალზე.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია პორტალის ადაპტირება უსინათლოებისთვის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 2 118 მოსწავლეა აღრიცხული.
ინკლუზიური განათლება სწავლების ისეთი პროცესია, როდესაც ყველა ბავშვი მათი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, კულტურულ-ეთნიკური, ენობრივი და სხვა განსაკუთრებულობების მიუხედავად, განათლების ერთიან სისტემაშია ჩართული და თავის თანატოლებთან ერთად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ერთსა და იმავე სასწავლო დაწესებულებაში სწავლობს.