მცხეთის ღირსშესანიშნაობები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდა

გამოწერა
იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა საქართველოს ღირსშესანიშნაობების მონახულება შეძლონ, ქვეყნის ხელისუფლება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ზრუნავს.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მცხეთაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ისტორიული ძეგლების ადაპტირების პროცესი დაასრულა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

პროექტის ფარგლებში შშმ პირებისთვის შიო-მღვიმის სამონასტრო კომპლექსი და სამთავროს მონასტერი მთლიანად ადაპტირდა.   

მონასტრების ტერიტორიაზე უსინათლოთათვის განთავსებულია სპეციალური მაკეტები, რომელზე შეხებითაც ისინი თავად შეძლებენ განსაზღვრონ  თუ სად იმყოფებიან, გარდა ამისა, დამონტაჟებულია სპეციალური დაფა ბრაილის შრიფტით, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მონასტრების შესახებ. ეტლით მოსარგებლეებისათვის კი შესასვლელებთან პანდუსებია დამონტაჟებული.

ასევე მოეწყო სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრის შესასვლელი — აქ დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი, რომლის დახმარებითაც შშმ პირები  ცენტრალური შესავლელით ეზოში ჩასვლას შეძლებენ.  

პროექტის ფარგლებში ადაპტირდა ანტიოქიის ტაძარიც.

„ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა, ამ მიზნით მცხეთა სრულიად ადაპტირებული გავხადეთ ინკლუზიური ტურიზმისთვის», — განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისი სიტყვებით, გაზაფხულიდან წყალტუბოს კურორტის ადაპტაცია დაიწყება.

ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს მასშტაბით სპეციალური ინკლუზიური ტურისტული პაკეტების შემუშავებისთვის.

სპეციალური ტურები უკვე არსებობს სიღნაღში, ყვარელსა და თელავში. გარდა ამისა, ადაპტაციის პროექტის ფარგლებში შშმ პირებისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე  სათევზაოდ ორი ადგილი გამოიყო.


ყველა ახალი ამბავი
0