„მე ამისაგან გავაკეთებ...“ ანუ როგორი ქანდაკებები მოუხდება თბილისს?

© Photo: Courtesy of Truman Gabedavaთორნიკე გაბედავა
თორნიკე გაბედავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით, მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის სულს და ხასიათს არქიტექტურასთან ერთად ის ქანდაკებებიც გამოხატავს, რაც მის ქუჩებში სხვადასხვა დროს განთავსებულა.

ალბათ საინტერესოა, იმ ადამიანის მოსაზრებას გავეცნოთ, რომელიც ამ სფეროში საინტერესო ნამუშევრებით გამოირჩევა. გთავაზობთ ინტერვიუს მოქანდაკე თორნიკე გაბედავასთან, რომელიც ამას გარდა, „ხვამლის მთა-მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის“ ინსტრუქტორიც გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, სწორედ თორნიკემ და მისმა მეგობრებმა გამართეს თბილისის ქუჩაში „უბრალოდ გამოფენა ნებისმიერი პიროვნებისთვის“, რომელსაც საზოგადოებაში საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა.

© Photo: Courtesy of Truman Gabedavaთორნიკე გაბედავა
თორნიკე გაბედავა - Sputnik საქართველო
თორნიკე გაბედავა

- თორნიკე, როდის დაიწყეთ ხატვა და როდის იქცა თქვენთვის ხატვა ხელოვნებად?

— პირველი ნახატი 3 წლის ასაკში დამიხატავს. ყველა ბავშვს უყვარს ხატვა, თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც მიმსგავსება დავიწყე, ირგვლივ მყოფთა ყურადღება და მოწონება დავიმსახურე. ოჯახიც ყოველთვის ხელს უწყობდა ჩემს ნიჭს და ბავშვობიდანვე გააზრებული მქონდა, რომ მხატვარი ვიქნებოდი. ასაკის მატებასთან ერთად ცნება „მხატვარი’’ გადაიქცა ცნება „ხელოვანად’’, რამაც ჩემს ცხოვრებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დიდი როლი შესძინა. პიროვნება „ხელოვანი“ საზოგადოებაში სამყაროსთან ერთად დღემდე ვითარდება და თავად ხელოვნების როლიც, რის ტემპსაც ჩვენი ქვეყანა ოდნავ ჩამორჩება. თუმცა, ამ ყველაფრის მიზეზები ჩემთვის ნათელია და მათ სიღრმეებს ვწვდები.

© Photo: Courtesy of Truman Gabedavaთორნიკე გაბედავას შემოქმედება
თორნიკე გაბედავას შემოქმედება - Sputnik საქართველო
თორნიკე გაბედავას შემოქმედება

- მოგვიანებით ხატვა ძერწვამ შეცვალა…

— დიახ, დაახლოებით მეოთხე კლასში დავიწყე ძერწვა, რამაც ჩემს ცხოვრებაში სათამაშოს არსებობა საერთოდ უგულებელყო, რადგან ჩემით ვიკეთებდი იმას, რითიც მინდოდა მეთამაშა. როდესაც ძერწვის წრეზე შევედი, ჩემს თვალწინ  გაიშალა სხვა ჰორიზონტი, რასაც ქანდაკება ერქვა. ხატვამაც შეიძინა ფუნქცია, ქანდაკებას დახმარებოდა, ანუ  არჩევანი საბოლოოდ ქანდაკებაზე შევაჩერე, რამაც გამიტაცა და დღემდე გატაცებული ვყავარ. ძერწვა ქანდაკება არ არის. უდიდესი მოქანდაკეებიც კი მთელ ცხოვრებას ქანდაკების სიღრმეების ძიებაში ატარებდნენ. ეს უსასრულო სფეროა. განსხვავებული კონცეფციებით, მანერებით, ჟანრებით, ეპოქებით და მაინც რაღაც საერთოსა და დიადის კანონიკას ემორჩილება. ამაზე შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ. აზროვნება, როგორც მოქანდაკემ ალბათ აკადემიაში დავიწყე.

© Photo: Courtesy of Truman Gabedava"ჯიუტი კაცი"
ჯიუტი კაცი - Sputnik საქართველო
"ჯიუტი კაცი"

- როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ქანდაკება, რა კლასიკური შტრიხები უნდა შეინარჩუნოს მან და რა ახალი ფორმები შეიძინოს?

— თანამედროვე ქანდაკება, ისევე როგორც სხვა თანამედროვე ხელოვნების დარგები წარმომიდგენია ორ როლში: პირველი, უნდა იყოს კლასიკურად გამართული, ოღონდ თანამედროვე შტრიხებით და მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების ფუნქციას ითავსებდეს. მეორე, იყოს ქვეტექსტის, მესიჯის გამავრცელებელი, მოცემული საზოგადოების აქტუალურ თემატიკაზე. ქანდაკებამ, არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება ანტიკური ხანის, თუ 31-ე საუკუნის, ვფიქრობ, არ უნდა გადაუხვიოს მთავარ ძალას, რომელიც მასშია. ის უნდა იყოს ყველა აღქმის წერტილიდან თანაბრად საინტერესო, სილუეტმაც კი უნდა მიიზიდოს მნახველი და გაუჩინოს სურვილი, რომ ნამუშევარს შემოუაროს. რაც შეეხება თანამედროვე შტრიხებს, ის ამოუწურავია, შეიძლება დღესაც კი რაღაც ახალი იქმნებოდეს, რაც რომელიმე მოქანდაკისთვის შთაგონების წყარო გახდეს.

- თორნიკე, როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ თბილისს რა სახის ქანდაკებები მოუხდება?

— დღეს იმდენად იშვიათი და ბუნდოვანია ქანდაკებების განთავსება თბილისში, რომ ცოტა რთულია ამაზე საუბარი. ვფიქრობ, თბილისს მოუხდება ქართული ხასიათის ქანდაკებები და არ აქვს მნიშვნელობა როგორი გადაწყვეტილებით იქნება შესრულებული. ვისურვებდი, ყველა მოქანდაკეს შეეძლოს თავისი ნამუშევრის რეალიზაცია და მეტი პოტენციური ადგილი იყოს ქალაქში ქანდაკების განსათავსებლად, ისე რომ ყველა გემოვნების მნახველი თუ შემოქმედი დაკმაყოფილდეს.

- ვიცი, რომ ზოგადად გამოფენისადმი საკუთარი დამოკიდებულება გაქვთ…

— სულ ვამბობ და განვმეორდები, რომ ჩემთვის ყველაზე წარმატებული მომენტი აკადემიაში ჩაბარება იყო. გამოფენა დიდი ხანია აღარ მქონია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ნამუშევრები მბეზრდება და ასევე მგონია, რომ გამოფენები ჩვენ რეალობაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებაა, რომ ვარსებობთ და კიდევ ერთხელ გაზიარება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ისედაც ახსოვთ, რომ არსებობ. მიუხედავად ამისა, ერთი კარგი გამოფენის მოწყობის სურვილი მაინც მაქვს და ამაზე ვმუშაობ.

© Photo: Courtesy of Truman Gabedavaთორნიკე გაბედავა
თორნიკე გაბედავა - Sputnik საქართველო
თორნიკე გაბედავა

- ორი წლის წინ თბილისს დაამახსოვრდა თქვენს მიერ ქუჩაში მოწყობილი უჩვეულო გამოფენა, კიდევ ხომ არ აპირებთ გამეორებას?

— დიახ, მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი და სხვა მეგობრების ნამუშევრები გამოვფინეთ. გამოფენას დავარქვით. „უბრალოდ გამოფენა ნებისმიერი პიროვნებისთვის“ და ის ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენი მთავარი იდეა ხალხის ხელოვნებით დაინტერესება გახლდათ. სხვათა შორის, მან დიდი ინტერესი გამოიწვია და მაშინ ჩვენი რამდენიმე ნამუშევარი შეიძინეს კიდეც. ამ პროექტით ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ. მსგავსი რამ შეიძლება მომავალიც გავიმეოროთ.

© Photo: Courtesy of Truman Gabedavaთორნიკე გაბედავა
თორნიკე გაბედავა - Sputnik საქართველო
თორნიკე გაბედავა

- თუ ყოფილხართ ოდესმე აგული ერისთავის „როლში“, ანუ  შეკვეთებზე თუ გიმუშავიათ?

— სხვათაშორის, ძალიან მიყვარს „არაჩვეულებრივი გამოფენა“. შეკვეთებს ვიღებ ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, არასდროს ყოფილა ისეთი შეკვეთა, რომელიც ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა და არა მარტო ჩემს, არამედ ზოგადად ქანდაკებასთან ძალიან ცოტა რამ თუ აკავშირებდა. ორიგინალური და ცოტა სახალისო იყო ქალის თეთრეულის სარეკლამო ბანერისთვის შექმნილი ქალის ფიგურა, რომელსაც ხშირად ვხედავ და მეცინება, რომ ეს უკანასკნელი ერთადერთია, რაც სახელოსნოს საზღვრებს გასცდა.

© Photo: Courtesy of Truman Gabedava"თავისუფლება"
თავისუფლება - Sputnik საქართველო
"თავისუფლება"

- აგულის ოცნება იყო თეთრი მარმარილოსგან გაზაფხულის გამოქანდაკება გოგონას სახით, თქვენ რაზე ოცნებობთ?

— მე ვოცნებობ დევალტის, ბოშის, მაკიტას (ესენი ბრენდებია, რომლებიც ქანდაკებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს უშვებენ) ინვენტარებზე, ვოცნებობ მარმარილოზე, ბრინჯაოზე და კიდევ ათას საჭირო პირობაზე, რომელიც ნებისმიერ მოქანდაკეს გააბედნიერებდა. ისე კი, უახლოესი სირთულე დიდი ქვის გათლაა, რომელიც უკვე ვიშოვე და ჩემი სამაგისტრო დიპლომის ამ ნამუშევრით დაცვას ვგეგმავ. ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების სავალი გზა იყოს შემოქმედება და მას არ გადავუხვიო. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დროში ურთულესია იყო ხელოვანი და შემოქმედებით იცხოვრო…

 

ყველა ახალი ამბავი
0