თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, თუმცა, ამისთვის ქვეყნებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შეუძლიათ შემოსვლა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზა სჭირდებათ.
„ჩვენ, პრინციპში, გვსურს მაქსიმალურად შევასუსტოთ ყველა სავიზო შეზღუდვები და უვიზო რეჟიმის შესახებ ვიფიქროთ… საჭიროა ფიქრი, ურთიერთქმედება და მუშაობა იმაზე, რომ ყველა გზა გადავუკეტოთ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს. ამ მიმართულებით თუ წარმატებას მივაღწევთ, მაშინ გაბედულად შევძლებთ უვიზო რეჟიმის შემოღებას“, – განაცხადა კარასინმა.
ამ თვალსაზრისით უშიშროების საკითხები გადამწყვეტ როლს ასრულებს, აღნიშნა დიპლომატმა.
„საუბარია ექსტრემიზმის, ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაზე, ერთი სიტყვით, ყველა იმ ბოროტებაზე, რომელიც ზოგჯერ ჩვენ ტერიტორიაზე გარედან აღწევს. როდესაც ჩვენ საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ამ ასპექტებზეც ვმსჯელობთ. და თუ ჩვენ ამ სფეროში ეფექტურ კონტაქტებს დავამყარებთ, მაშინ რატომაც არა“, – განაცხადა კარასინმა.
ამ ეტაპზე თავშეკავების ფაქტორებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში – როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისში – პერიოდულად ტარდება შესაძლო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაციები.
„ერთ–ერთი ასეთი ოპერაცია სულ ახლახან ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების არგათვალისწინება არ შეიძლება. ესაა რეალობა და არა ჰიპოთეტური ვარაუდები“, – აღნიშნა კარასინმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წლიდან მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.