თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანატოლი ბერძენიშვილს, რომელიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებ–გვერდზე.
ბერძენიშვილი თბილისში ორშაბათს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ის ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში დაეხმარა. შედეგად ტერორისტები ქვეყანაში უკანონო გზით შემოვიდნენ.
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, სამხილების დამალვისა და განადგურების შესაძლო საფრთხე. სხდომა დახურული იყო.
ბერძენიშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
„ბრალდების მხარეს არანაირი სამხირი არ წარმოუდგენია – არც ვიდეო, არც ფოტო. არის მხოლოდ ორი ჩვენება და ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო. ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა მაია სირაძემ.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი ცოცხლები აღარ არიან. პირველმა თავი აიფეთქა, დანარჩენების ლიკვიდაცია კი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას (2017 წლის 21-22 ნოემბერს) მოხდა. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს.
მოგვიანებით, 26 დეკემბერს საქართველოში ტერორისტების დახმარებისთვის ბრალდებულების დაკავების კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ დროისათვის ხუთი მათგანი პატიმრობაშია, მეექვსე – თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.