თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის 152-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პედაგოგს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.
„ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ბაღების პერსონალი გეგმიურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს.