თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში, ამერიკის მთავრობის მხრიდან დაუფინანსებლობის გამო, არასრულფასოვნად მუშაობს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დიპლომატიური მისიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ შაბათს, შუაღამის დადგომისთანავე მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები დაფინანსების თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. სენატს მთავრობის საქმიანობის დაფინანსების შესახებ ახალი კანონპროექტი უნდა მიეღო, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებისთვის თანხების გადარიცხვის საშუალებას იძლეოდა.
ამავე დროს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საკონსულო სამსახური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
„აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნებამდე. თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს", — ნათქვამია განცხადებაში.
თანხების არარსებობამ პრობლემები შეუქმნა საელჩოს Facebook-გვერდსაც.
„აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა", — აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მიუხედავად დაუფინანსებლობისა, მუშაობა აშშ-ის ყველა სამთავრობო სტრუქტურას არ შეუწყვეტია, მაგალითად, პენტაგონი მუშაობას განაგრძობს. თუმცა სხვა სახელმწიფო სამსახურებიდან უხელფასო შვებულებაში შეიძლება გაუშვან ასობით ათასი მუშაკი, რომელთა ადგილებზე ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.