თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ანატოლი ბერძენიშვილის დაკავების შესახებ განაცხადა.
ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი ცოცხლები აღარ არიან. პირველმა თავი აიფეთქა, დანარჩენების ლიკვიდაცია კი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას (2017 წლის 21-22 ნოემბერს) მოხდა. კიდევ ერთი თანამზრახველი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს.
მოგვიანებით, 26 დეკემბერს საქართველოში ტერორისტების დახმარებისთვის ბრალდებულების დაკავების კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ დროისათვის ოთხი მათგანი დაკავებულია, მეხუთე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩატაევის კიდევ ერთი თანამზრახველი — ზურაბ იდოიძე 9 იანვარს დააკავეს.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში“, — ნათქვამია სუს-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბერძენიშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული დანაSაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტერორიზმში ბრალდებულები რუსეთის მოქალაქეებია, ხოლო მათთვის დახმარებაში ბრალდებულები — საქართველოს მოქალაქეები არიან. სუს-ის მონაცემებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.