სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს

© FB / Roads Department of Georgiaგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოითხოვენ.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მოსახლეობამ აქციები გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ნოსირში აქციის მონაწილეები რაიონის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში უკვე ორი თვეა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ.

მოსახლეობა ამბობს, რომ სენაკის მიმართულებით გაჰყავთ სასმელი წყლის მილები, რის გამოც დაზიანდა გზა. ქვეკონტრაქტორი კომპანია „კობრა”, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს, ვალდებულია გზები აღადგინოს, თუმცა ამას არ აკეთებს.

ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

აქციის მონაწილეებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი ვაჩაგან სააკიანი, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გზები სრულად მოწესრიგდება. თუმცა როდის და რა ვადებში მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

აქციაზე სენაკის მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინი მოსახლეობის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევენ და კომპანია „კობრას” მოუწოდებენ გზები დროულად შეაკეთოს.

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშშიც.

ადგილობრივები სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას და წყლის საწრეტი არხების გაყვანას ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ქალაქთან დამაკავშირებელი გზა გადათხარა და ისე დატოვა. ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ ოდიშის რწმუნებული შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ყველა ახალი ამბავი
0