თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ იმერეთში, ორპირი–ცუცხვათი–მღვიმესთან მისასვლელი 10,5 კილომეტრიანი რეაბილიტირებული გზა გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული გზა გადის შემდეგ სოფლებზე: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი. სარეაბილიტაციო გზა იწყება ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან და სრულდება სოფელ ცუცხვათთან. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და გზა სრულად ამორტიზებული იყო.
„დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები, გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა არსებული სახიდე გადასასვლელი“, — ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით,მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით და ავტომანქანების სადგომი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ყაზახურმა კომპანია BI Group-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა.