თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის ახალ ხიდს ააშენებს ირანული კომპანია Ariana Tunnel Dam Co., რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სესხის კონტრაქტორად შეარჩია.
სასაზღვრო მდინარე დებედზე სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებას ერევანში ხელი მოაწერეს სომხეთის ტრანსპორტის, კავშიგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ვაამ მარტიროსიანმა და ირანული კომპანიის დირექტორმა ალი მუსავიმ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
ახალი, უფრო ფართო ხიდი ჩაანაცვლებს ძველს, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ხიდის მშენებლობაზე EBRD-მა 10,3 მილიონი ევრო კრედიტი გამოყო. მაგრამ ირანელები პირობას დებენ, რომ 7,4 მილიონ ევროში ჩაეტევიან.
ბაგრატაშენი-სადახლოს საზღვარზე არსებული ხიდი ძალიან ძველია, მის რეკონსტრუქციას სერიოზული დაბანდება სჭირდება. რადგან ეს ხიდი დიდ ხარჯებს მოითხოვდა, საქართველოს და სომხეთის მთავრობებმა ახალი, ევროპული სტანდარტების ხიდის აშენება გადაწყვიტეს. ძველი კი მოწესრიგდება, და, ექსპერტთა აზრით, საცობებისა და გამშვები პუნქტების გავლით სხვადასხვა დელეგაციების სწრაფი მიმოსვლის შემთხვევაში კარგი ალტერნატივა იქნება.
რეგიონში უნიკალური სომხურ-ქართული პროექტი „მეგობრობის ხიდი“ 2018 წელს ამოქმედდება. ხიდის ერთი ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის ტერიტორიაზე. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს — საქართველო.