თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია კახა კალაძის ხელმძღვანელობით 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ძველ ავტობუსებს ახლები ჩაანაცვლებს და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებს.
„ყველამ ვიცით რა მიზეზით იგვიანებს ტრანსპორტი — ეს უმეტესწილად საცობების ბრალია. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის წინა სხდომაზეც განაცხადა, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპლექსური მოწესრიგებაა. ეს საკითხი თავის თავში გულისხმობს რამდენიმეპუნქტიან გეგმას, რომელსაც ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიზნით განვახორციელებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს თბილისის მცხოვრებთათვის“, — განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ხაზები. ეს მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ტრანსპორტის მოძრაობას.
ამასთან ბითაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობაც გაუმჯობესდება.
„დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნდა მივმართოთ მეტროს რებილიტაციისათვის, რაც ვაგონების გადაადგილებას დააჩქარებს და სამგზავრო დროის ინტერვალს შეამცირებს. შესაბამისად, გეგმები, რომელიც მერიას აქვს დასახული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას და გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს სფერო თბილისში საერთოდ მოუგვარებელია და მის მოწესრიგებას ეტაპობრივად ვაპირებთ“, — განაცხადაა მერის მოადგილემ.
უკრაინული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით უკვე 10 წელზე მეტ ხანს გამოიყენება.
მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისში ახალი ლურჯი ეკოლოგიურად სუფთა, შშმ პირთათვის სრულიად ადაპტირებული, ევროპული სტანდარტების ავტობუსები გამოჩნდა. მერიაში განაცხადეს, რომ 2018 წლის თებერვლამდე 143 ახალი ავტობუსი იქნება.
თბილისში სულ 750 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. ყველაზე გრძელი მარშრუტი 30,4 კმ, ხოლო ყველაზე მოკლე 4,6 კმ შეადგენს. ერთ დღეში ავტობუსები სულ 109 500 კილომეტრს ფარავს და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდება.
რაც შეეხება მეტროს, 2017 წლის განმავლობაში თბილისში სამი მეტროსადგური გარემონტდა — „ახმეტელის თეატრი“, „ავლაბარი“ და „ვარკეთილი“. ხოლო გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა ახალი, რიგით 23-ე მეტროსადგური — „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.