თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მეტროსადგური „გურამიშვილი" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო დაიკეტება და მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტროსადგურ „გურამიშვილის" რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა.
„20 იანვრიდან იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება", — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება დანარჩენ მეტროსადგურებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის" სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, 2018 წელს დამატებით 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მეტროს სადგურების განახლების პროექტი გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში გარემონტდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი", „ვარკეთილი", სადგურ „ავლაბარზე" გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ოქტომბერში კი გაიხსნა რიგით 23-ე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი".
საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.
თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 000-მდე მგზავრს ემსახურება.