თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს ახალი მატარებლების შეძენასა და მეტროსადგურების რეაბილიტაციას 20 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
2018 წელს ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით 60 მლნ ლარით გაიზრდება. თანხის გარკვეული ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას.
„საუბარია სამ მიმართულებაზე — მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე, ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია. ასევე, აუცილებელია კომუნიკაციების – ელექტროგაყვანილობის, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება," – განმარტა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც „Sputnik-საქართველოს" შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან" აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების „სამგორისა" და „გურამიშვილის" რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები მომავალ წელს დასრულდება.
არსებული ინფორმაციით, იგეგმება მატარებლების ოთხი ახალი შემადგენლობის დამატება: ორი შემადგენლობით მეტი ივლის პირველ ხაზზე, ორიც — მეორე ხაზზე. აღნიშნული ცვლილება ლოდინის დროს შეამცირებს მეტროსადგურებში და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი გაიზრდება.
„აღნიშნული 60 მილიონიდან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი – 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება", – განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მეტროს სადგურების განახლების პროექტი გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში გარემონტდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი", „ვარკეთილი", სადგურ „ავლაბარზე" გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ოქტომბერში კი გაიხსნა რიგით 23-ე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი".
საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.
თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 000-მდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.