თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში რძე ღვინისთვის განკუთვნილი შეფუთვით შეიტანეს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.
აღნიშნული დარღვევა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა. მერიის განცხადებით, რძის პროდუქტი ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით.
ბენდელიანის თქმით, კომპანიაში განმარტეს, რომ აღნიშნული სიტუაცია იმას უკავშირდება, რომ მათ რძის შესაფუთი პაკეტები დაუმთავრდათ.
„კომპანიამ შესაბამისი შეკვეთა უკვე გააკეთა და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება”, — აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მან ასევე განმარტა, რომ მერიამ მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებში შეტანილი რძის ხარისხს შეამოწმებს.
„უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება“, — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეამოწმა კომპანია „მილკო“, და შედეგებმა აჩვენა, რომ რძე უსაფრთხოა.