შსს-მ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

© Sputnik / STRINGERკრიმინალური პოლიცია
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძეს მინიმუმ ექვსჯერ ესროლეს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ექვსი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღმოაჩინეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის სხეულზე, რომელიც რუსთავში „სტამბოლის ბაზრის“ საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს, განაცხადა ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

ქუთათელაძე ორშაბათ საღამოს მოკლეს. მედიის მონაცემებით, ის კომპანია „ერთობას“ ერთ-ერთი თანამფლობელია, რომელსაც „სტამბოლის ბაზარი“ ეკუთვნის.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, იკითხებიან ბაზრის თანამშრომლები. სამართალდამცველებმა ამოიღეს და სწავლობენ ვიდეოდაკვირვებების კამერების ჩანაწერებს, რომლებიც ბაზრის პერომეტრზე არის დამონტაჟებული. ქუთათელაძის კაბინეტში და თავად ბაზრის ტერიტორიაზე კამერები არ აღმოჩნდა.

ბოროტმოქმედი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.

სტამბულის ბაზრის დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე პოლიცია მუშაობს - Sputnik საქართველო
რუსთავში მოკლული ბიზნესმენი ქართული არმიის გადამდგარი გენერალი იყო

„სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი უკვე იმყოფება ადგილზე და იწყებს საქმის დეტალურ გამოძიებას. ეს ჯგუფი როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ჩვენ ინფორმაციას რეგულარულად მოგაწვდით", — განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამსონ (სოსო) ქუთათელაძე მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ქალაქ საჩხერედან, თუმცა პარლამენტარის კარიერამდე ის პროფესიონალი სამხედრო იყო.

1991-1992 წლებში ქუთათელაძე საჩხერის ბატალიონის ასეულის მეთაური იყო, შემდეგ ის იმავე ბატალიონის დაზვერვის უფროსად გადაიყვანეს. 1992 წელს ქუთათელაძე საჩხერის ბატალიონის მეთაური გახდა და ამ თანამდებობაზე 1993 წლამდე იმსახურა.

სამხედრო კარიერაში პიკს ქუთათელაძემ 2004 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი გახდა. ამ პოსტზე მან 2006 წლამდე იმსახურა.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით.

ქუთათელაძე აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე იყო.


ყველა ახალი ამბავი
0