თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. რუსთავში მოკლული „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მფლობელი გადამდგარი გენერალი სამსონ ქუთათელაძეა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზრის თანამშრომლები ჯერ კიდევ ადგილზე იყვნენ და სავაჭრო ობიექტები ღია იყო. თუმცა არც გასროლის ხმა და არ საეჭვო გადაადგილება ქუთათელაძის კაბინეტთან არავის შეუნიშნავს. ცხედარი დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა.
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ქუთათელაძეს მტრები არ ჰყავდა.
„შეიარაღაბული ძალებისთვის ის ერთ-ერთი წამყვანი ოფიცერი იყო. ის პირველი გვარდიელი იყო, მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვის უნდა მოეკლა ან რატომ უნდა მოეკლათ გენერალი სოსო ქუთათელაძე? ამის პასუხს ალბათ გამოძიება გაგვცემს. არ ვარ ჩახედული რა ბიზნესში იყო სოსო“, — განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
დანაშაულის მოტივი უცნიბია. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მოკლული ყოფილი დეპუტატია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.