თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჭიათურას საბაგიროები და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი Europa Nostra-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების ფინალურ სიაში შევიდა.
ამის შესახებ სამშაბათს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
აღნიშნულია, რომ ჭიათურას საბაგიროები და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა. Europa Nostra-ს ექსპერტების მიერ შედგენილ სიაში ასევე არის ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.
ფინალისტთა საბოლოო სია, რომელშიც შვიდი ძეგლი შევა, 2018 წლის მარტში გახდება ცნობილი.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ფინალურ სიაში ჩართვით საერთაშორისო თანამეგობრობამ ჭიათურის საბაგიროების განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც საქართველოს ინდუსტრიული ძეგლების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
რაც შეეხება დავითგარეჯას, ის, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ძირითად სიაშია შესული.
Europa Nostra — ასოციაციების საერთოევროპული ფედერაციაა, რომელიც 1963 წელს ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით შეიქმნა. ფედერაცია, რომლის შტაბ-ბინა ჰააგაში მდებარეობს, მოიცავს 250 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ევროპის 45 სახელმწიფოში მუშაობს. Europa Nostra თანამშრომლობს ისეთ მსხვილ დაწესებულებებთან, როგორიცაა ევროპული საბჭო, ევროპის საბჭო და UNESCO.
ფედერაციამ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ 2013 წლის იანვარში, დამფუძნებელ პარტნიორთან — ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან — ევროპის განვითარების ბანკთან ერთად დააფუძნა. მისი მიზანია — ძეგლების შენარჩუნების და შემდგომი გამოყენების პროცესის კოორდინაცია. პროგრამას მხარდაჭერას უწევს ევროპის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“.
პროგრამის მიზანია — ძალების მობილიზება ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარესტავრაციო მოქმედებების დასაჩქარებლად.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, Europa Nostra-ს პროგრამის შედეგების მიხედვით ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ძეგლების ადგილებში სამუშაო ვიზიტების შედეგად დეტალურ საექსპერტო რეკომენდაციებსა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
აღნიშნული ნომინაცია ასევე წარმოადგენს უნიკალურ შანსს ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო ფონდებს შორის კერძო და საჯარო დაფინანსების მოძიების კუთხით.