თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრმა გამოაქვეყნა 2017 წლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა, რომელშიც ქართული ხელნაწერი სახარებაა შეტანილი.
ქართული სახარება მოხვდა 78 დოკუმენტს შორის, რომლებიც იუნესკოს საერთაშორისო მრჩევლების კომიტეტის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. ეს გადაწყვეტილება პარიზში, კომიტეტის სხდომაზე ოქტომბერში მიიღეს. საქართველომ რეკომენდაცია დოკუმენტის რეესტრში შესატანად 2017 წელს გასცა.
პალიმფსესტი — ეს არის ეტრატ-ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილია და ახალია დაწერილი. ასეთი უძველესი ტექსტი IX-X საუკუნეებით თარიღდება.
„მსოფლიო მეხსიერება" — ესაა მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს გორის თორტიზის ღვთისმშობლის მონასტრიდან მოხვდა.
ქართული ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს, რომლებშიც, სულ მცირე, ოთხი ხელნაწერია. ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ასევე შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:
1. ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (2013);
2. ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015): ანბანდიდი სახარება (IX ს.), ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.), ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.), ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი), შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი), მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ხელნაწერის შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში 6 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ასევე, ეს ხელნაწერი დარბაზში გამოიფინება.