თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა 30 წლის პაატა პავლიაშვილის დაკავებისას მისი გარდაცვალების საქმის გამოძიება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია 2017 წლის ოქტომბერში ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კონფლიქტი განმუხტა, რა დროსაც მათთან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პავლიაშვილი მივიდა. იგი შეურაცხყოფას აყენებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და იმ მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. დაკავებისას პავლიაშვილი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეს „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით იძიებდა.
სისხლის სამართლის საქმე მომხდარიდან მეორე დღეს აღიძრა. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის პავლიაშვილის ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები, რომლებიც პავლიაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოიძახეს.
პროკურაურაში ამტკიცებენ, რომ მოწმეთა და თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გარდაცვლილი პავლიაშვილის მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
საქართველოს პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.
ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ სამხრე კამერას დაფიქსირებული აქვს მხოლოდ პავლიაშვილის დაკავების შემდგომი პერიოდი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ კამერები მხოლოდ დაკავების შემდეგ ჩართეს.
პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა.
რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პავლიაშვილის დაკავება.
საქართველოს პროკურატურამ შესაძლო ფალსიფიკაციის დასადგენად ამოღებული ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზა ჩაატარა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ჩანაწერებზე მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა.
საქართველოს პროკურატურის ვერსიით, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ეყრდნობა, პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. პავლიაშვილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.