თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ ჩაუდგა სათავეში, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
52 წლის სპეციალისტის თქმით, გუნდის ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხარეებს შორის უახლოეს დღეებში კონტრაქტი გაფორმდება.
2017 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ბათუმის „დინამოს“ უკრაინელი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი წვრთნიდა. მისი წასვლის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გუნდს ასლან ბალაძე ხელმძღვანელობდა.
გასული სეზონის შედეგების მიხედვით „დინამო“ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა. გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა, დაუთმო ბოლნისის „სიონს“ და ამიტომ 2018 წლის სეზონს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გაატარებს.
რაც შეეხება გეგუჩაძეს, სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, „ზესტაფონს“. გეგუჩაძის ბოლო სამუშაო ადგილი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (U-21), რომელთანაც მან 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრამდე იმუშავა.
გეგუჩაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე დაირღვა. მიზეზი გახდა ახალგაზრდული ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობა ЕURО-2017 U-21-ს და ЕURО-2019 U-21-ს შესარჩევ ტურნირებზე.